ინფრასტრუქტურული მშენებლობა, განსაკუთრებით კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხშირად უამრავ კითხვას აჩენს.
ეს პროცესი მხოლოდ არსებული გზის განახლებით არ შემოიფარგლება – ის მრავალ ეტაპიან და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამუშაოს მოიცავს, რომელიც იწყება დაგეგმვით და სრულდება ექსპლუატაციის პროცესით.
თითოეული ეტაპი ტექნიკურ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს ეფუძნება, რაც გზის ხარისხს, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან გამძლეობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა სეზონურობა, კლიმატური პირობები, სამუშაო მეთოდები, პროცესების სწორად ორგანიზება.
ამ ბლოგში გავაერთიანეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მათზე მკაფიო პასუხები, რათა დაგეხმაროთ პროცესების უკეთ აღქმაში.
1 – რომელი სეზონია ყველაზე ოპტიმალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის?
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად ზაფხული ითვლება, რადგან ამ დროს კლიმატური პირობები სამუშაოების ეფექტურად და ხარისხიანად შესრულებას უწყობს ხელს. გარკვეულ შემთხვევებში მისაღებია გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებიც, ყველაზე პასიურ პერიოდად კი ზამთარი მიიჩნევა.
2 – როგორ ორგანიზდება მოძრაობა გზის რეაბილიტაციის პერიოდში?
გზის რეაბილიტაციის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მობილობის პროცეს, რათა შეძლებისდაგვარად არ გამოვიწვიოთ გადაადგილების პრობლემა. ამისათვის სამუშაოების დაწყებმადე დგება სქემა, რომელიც თანხმდება საპატრულო პოლიციასთან, ხოლო შემდგომ იწყება რეაბილიტაციის პროცესი.
3 – შესაძლებელია თუ არა გზის ნაწილობრივი გამოყენება სამუშაოების მიმდინარეობის დროს?
ძირითად შემთხვევაში გზის ნაწილობრივი გამოყენება შესაძლებელია. როგორც წესი, პროექტის გეგმაში სამუშაოები ისე დგება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტრანსპორტის გადაადგილების უწყვეტობა. ამ მიზნით გათვალისწინებულია დროებითი სქემები, რომლებიც მობილობის მაქსიმალურად შეუფერხებლად შენარჩუნებას ემსახურება.
4 – როგორ მიმდინარეობს ძველი გზის დემონტაჟის პროცესი და რა ეტაპებს მოიცავს იგი?
ძველი გზის დემონტაჟის პროცესი შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს. მაგალითად, იგი მოიცავს ძველი ასფალტის საფარის ფრეზირებას, ასევე მიწის სამუშაოებს, რაც გულისხმობს არსებული გრუნტის ექსკავაციას.
5 – რა მეთოდებით ვუზრუნველყოფთ გზის გამძლეობას და ხანგრძლივ ვექსპლუატაციას?
გზის გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია დამოკიდებულია მის ხარისხზე, დატვირთვის ინტენსივობაზე და გეოლოგიურ პირობებზე.
პროექტირებას ვახორციელებთ გეოლოგიური კვლევების საფუძველზე, რის მიხედვითაც დგება შესაბამისი კონსტრუქციული გეგმა. ასევე ტარდება სპეციალური გამოთვლები, რომლებიც განსაზღვრავს გზის მოსალოდნელ დატვირთვას და უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და ხანგრძლივ გამოყენებას.
6 – რამდენ ხანში შეიძლება ახლად დაგებული გზის სრული დატვირთვით გამოყენება?
ახლად დაგებულ ასფალტის საფარზე სრული დატვირთვით მოძრაობის დაშვება, როგორც წესი, შესაძლებელია მისი დაგებიდან დაახლოებით 24-48 საათის შემდეგ.
აღნიშნული დროითი ინტერვალი დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მათ შორის ჰაერის ტემპერატურასა და სეზონურ ფაქტორებზე.
7 – საშუალოდ რამდენ ხანს ინარჩუნებს ახალი გზის საფარიხარისხსა და გამძლეობას?
გზის საფარი შედგება მზიდი (ქვედა) და საცვეთი (ზედა) ფენებისგან. მათი საფარის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ მერყეობს 7–15 წლის ფარგლებში და განისაზღვრება გზის კატეგორიითა და სატრანსპორტო დატვირთვის ინტენსივობით.
ამგვარად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მრავალეტაპიანი და პასუხისმგებლობით სავსე პროცესია, სადაც თითოეული დეტალი საბოლოო შედეგის ხარისხზე მოქმედებს.
სწორი დაგეგმვა, შესაბამისი სეზონის შერჩევა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განსაზღვრავს გზის გამძლეობასა და უსაფრთხოებას. ტესენ ჯგუფი თითოეულ პროექტს სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებს – ხარისხზე, ეფექტურობასა და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებით.